ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წერილობითი დასკვნა სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს გახდება ცნობილი.
„შევედით, ექიმებს მიეცათ საშუალება, რომ გაესინჯათ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი; ასევე, დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა. შეხვდნენ ექიმებს, გაესაუბრნენ. შეაფასეს იქ არსებული სამედიცინო მდგომარეობა და ასე ვთქვათ, მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება. კონკრეტულად, სამედიცინო შეფასებებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთებენ თავად ამ ჯგუფის წევრები. უახლოეს პერიოდში, ვეცდებით, რომ ხვალ იყოს წერილობითი დასკვნა, თუმცა პირველად შეფასებებს ისინი თავად გაგაცნობენ. რა კითხვებიც ჰქონდათ ექსპერტებს, დაისვა და მიიღეს პასუხები. მე არ ჩამიტარებია ექსპერტიზა“, _ განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ექიმების ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილს რეანიმაციული ღონისძიებები ჯერ არ სჭირდება, თუმცა, საჭიროა ინტენსიური თერაპია, რის გამოცდილებაც, ექიმების თქმით, ინტენსიური თერაპიის პალატის საკმაოდ კარგად აღჭურვის მიუხედავად, ამ დაწესებულებას არ აქვს.