ბელარუსი მიგრანტებს იარაღად იყენებს – მათი სამიზნე გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში.
როგორც პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, პოლონეთი შიშობს, რომ საზღვარზე შექმნილი სიტუაცია ღია სამხედრო კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს.
„ამჟამად სიტუაცია სტაბილურია, თუმცა სულ უფრო და უფრო საშიში ხდება. ბელარუსი მიგრანტებს იარაღად იყენებს. მათი სამიზნე გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია. ამის გამორიცხვა არ შეგვიძლია. ბელარუსის ძალები სულ უფრო და უფრო მიმართავენ პროვოკაციებს. როგორც ჩანს, ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი სტრატეგიას მიჰყვებიან, რომლის მიზანი დასავლეთის დესტაბილიზირებაა. ჩვენ არ ვიცით, კიდევ რას გეგმავენ. შესაძლოა, საზღვარზე შექმნილი კრიზისი ახალი სამხედრო თავდასხმებისგან ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს,“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ პოლონელები მტკიცედ დაიცავენ თავიანთ და ევროპისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვარს.
მან, ასევე გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკა.
„თუ დღეს ათასობით მიგრანტის შეკავებას ვერ შევძლებთ, მალე ასიათასობით და მილიონობით მიგრანტს მივიღებთ.
ანგელა მერკელმა საფრთხის ქვეშ დააყენა უამრავი ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ხელოვნური მულტიკულტურალიზმი შექმნა. ეს სახიფათო პოლიტიკა იყო ევროპასა და მსოფლიოსთვის,“ – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.