ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ მან პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა.
ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ადამიანის და პატიმრის უფლებების დაღრღვევას აქვს ადგილი და რომ მას ისე ექცევიან, როგორც პოლიტიკურ პატიმარს.
“პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს. ოთხშაბათს, თბილისში, ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს”, – წერს ანა ფოტიგა ტვიტერზე.
ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პროდასავლური ცვლილებების სიმბოლოა.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი “მოწყვეტით დაეცა” და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.