თუ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ, დაე, იყოს გორის ჰოსპიტალი და მოათავსონ მთავარსარდალი სამხედრო ჰოსპიტალში, – ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის თანახმად, იმ დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, აქციას არ გამართავენ.
„იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა განცხადება და „შესთავაზა“ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა. ჩვენ არ ვართ ექიმები, ორი თვეა სწორედ ვითხოვთ, რომ ეს საკითხი კაბინეტში კობახიძემ კი არ გადაწყვიტოს, ივანიშვილმა კი არ გადაწყვიტოს სადღაც დამალულმა, არამედ გადაწყვიტონ მარტო ექიმებმა. თუ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ, საკმარისად, აუცილებლად იმისათვის, რომ ჩვენ ისტორიული კატასტროფა თავიდან ავიცილოთ, დაე, იყოს გორის ჰოსპიტალი და მოათავსონ მთავარსარდალი სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ ეს გადაწყვიტონ ექიმებმა და არა ირაკლი კობახიძემ, რატი ბრეგაძემ, არა ივანიშვილმა და მსგავსმა ხალხმა, ვინც აქამდე მიიყვანეს ადამიანის ჯანმრთელობა.
რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიამ და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გავაკეთეთ განცხადება, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება გადაყვანილი ნორმალურ დაწესებულებაში, სადაც ის შეწყვეტს შიმშილობას, სადაც მას ექნება ადამიანური პირობები, ჩაუტარდება მკურნალობა და სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, ჩვენ იმ დაწესებულებას არ გავეკარებით, იმ დაწესებულებასთან აქციებს არ გავმართავთ, არავის მივცემთ უფლებას რაიმე ტიპის პროვოკაცია მოაწყოს. მეტიც, აგერ ხართ პოლიციელები და თქვენ ხელმძღვანელობას ვეუბნებით, ჩვენ მზად ვართ, აქ მყოფი თითოეული ადამიანი, ყველა ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებში და იმის მიღმაც, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გვერდზე დავდგეთ და არავის მივცეთ არანაირი პროვოკაციის საშუალება და უფლება. ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა, ეს მკურნალობა არის ძალიან სკურპულოზური, ძალიან სახიფათო და მოითხოვს საკმაო დროს, ჩვენ ამ პირობას, რა თქმა უნდა, შევასრულებთ, მაგრამ ერთი წუთით ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის საბოლოო გათავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი. დავინახეთ, როგორი სახიფათოა ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება.
„ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რიგგარეშე პროპორციული არჩევნებისთვის, როგორც ერთადერთი შესაძლებლობა, რითაც ეს ქვეყანა თავისუფლებას და დემოკრატიას უნდა დაუბრუნდეს, რითაც აღარ იქნებიან ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები, რითაც ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადააგდებს ბატონ-ყმობას, ერთპარტიულ დიქტატურას და დაამყარებს ნამდვილ დემოკრატიას, სასამართლო იქნება თქვენი მსახური“, – განაცხადა უგულავამ.
ამასთან, მან სახალხო დამცველს ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.
„ბევრი თქვენგანი შეიძლება ამას არ მოელოდა, მაგრამ ერთმა პატარა გოგომ ამოაყირავა მთელი ეს მანქურთების ხროვა“, – განაცხადა უგულავამ. მან მადლობა გადაუხადა ყველა ექიმს, „ვინც შეგნებით, პროფესიონალიზმით და თუნდაც შემთხვევით იყო იქ (გლდანის კლინიკაში“).
„მომაკვდავი ადამიანი არ შეიძლება იყოს გლდანის „გულაგში“ და დღეს ეს ადამიანი, მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი დატოვებს, მე დარწმუნებული ვარ, ამ გლდანის „გულაგს“, – განაცხადა უგულავამ.