ეს გულსაკლავი ამბავი, რამდენიმე თვის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მოხდა. ახალგაზრდა ქალბატონი, ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, იმავე სოფელში, ერთ ოჯახში, კერძო სამუშაოს შესრულებისას, ფანჯრების დასუფთავების დროს, ჩარჩოს ძგიდეს ბეჭდიანი თითით ჩამოეკიდა და „არათითი“ დაკარგა…
ირინა ლაბაძე სოფელ ნაღობილევში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მშობლებმა ხუთი და-ძმა შრომის სიყვარულით გაზარდეს. მერე მეზობელი სოფლიდან სიყვარულიც ესტუმრა და, როგორც თავად გვეუბნება, უტკბესი ოჯახი შექმნა თანატოლ დიმა გოგოტიშვილთან.
ქალ-ვაჟიც მალე შეეძინათ და უმუშევრობის ხანაში, ერთი დღით არ ჩაუმუხლავს, _ ათი წლის მანძილზე სხვადასხვა ორგანიზაციებში დამლაგებლად მუშაობდა, რომ შვილებისთვის კეთილდღეობა შეექმნა.
სრულიად ახალგაზრდას, დამლაგებლად მუშაობა არასდროს უთაკილია.
ქალბატონი ირინა იხსენებს, როგორ დადიოდა კარდაკარ და თხოვდა ყველას, რომ ამ მიმართულებით დაესაქმებინათ. საგულდაგულოდ უხსნიდა დამსაქმებლებს, რომ ძალიან უყვარდა სისუფთავე, არ ესირცხვებოდა არანარი შრომა, იყო ყოჩაღი, იმდენად მარჯვე, რომ… ხუმრობასაც იშველიებდა, „ ერთ დღეში ფილარმონიისხელა ნაგებობას დავაწკრიალებო“.
მართლაც, კარს ყველგან უღებდნენ და მარჯვე, დაუზარელ გოგონას არავინ აყვედრიდა ხელფასს…
მერე კი დაიწყო პანდემია და თავად უკეთ გვიამბობს, როგორ განვითარდა მოვლენები:
_თითქმის, ყველა ორგანიზაცია დაიკეტა და ონლაინრეჟიმში განაგრძეს მუშაობა. გადავწყვიტე, კერძო ოჯახებში მეპოვა სამუშაო და დიდხანს ლოდინი არც დამჭირვებია. ჩვენსავე სოფელში, ერთ-ერთ ოჯახში ფანჯრების დასუფთავებისას, როცა საქმეს მოვრჩი, სკამიდან ჩამოვდიოდი. მოულოდნელად არათითზე გაკეთებული ბეჭდით, ფანჯრის საკეტის ძგიდეს ჩამოვეკიდე. დაბლა რომ დავვარდი, გონება არ დამიკარგავს. შევხედე, ხელის მტევანი სისხლით მქონდა შეღებილი. გარეთ გავვარდი და ვყვიროდი , მიშველეთ-მეთქი. უცებ მოგროვდნენ მეზობლები. ჩემი შვილის თანაკლასელის დედ-მამა ზაზა და ლუიზა მახარაძეები, იმ წამებიდან დღემდე გვერდით მიდგანან… როცა ოზურგეთის საავადმყოფოში მითხრეს, რომ სასწრაფოდ ბათუმში გადაყვანა იყო აუცილებელი, ზაზამ ჩამსვა მანქანაში. ჯერ პოლიციაში შეიარა და ითხოვა, ცოტა ჩქარა უნდა ვიარო, არ გამაჩერონ გზაზე, შესაძლოა, ქალმა ხელი დაკარგოსო… ასე ჩავედით ბათუმში, სადაც საბოლოოდ თითი მომკვეთეს, გაყუჩების გარეშე, ექიმის პრაქტიკანტის დახმარებით… როგორი ხმით ვყვიროდი,… გახსენებაც არ მინდა… დავრჩი ამ „ვითომ პლასტიკური“ ოპერაციის შედეგით კვლავ საოპერაციო… იგივე ექიმს უნდა მივმართო კვლავ და ვიმედოვნებ, საბოლოოდ არც თავად გამწირავს და არც უფალი… ღმერთს მაინც მადლობას ვწირავ, რომ ხელის მტევანი შენარჩუნებული მაქვს და შვილების და მარჩენალი მიწის მოფერებას ვახერხებ, ყვავილებით ვპოულობ შვებასაც და ამჯერად ლუკმაპურის ფულის შოვნაც მოვახერხე…
მოხდა ისე, რომ ქალბატონმა ირინამ თითიც დაკარგა და პანდემიამაც ნაცადი შრომის გზა გადაუკეტა. ხოლო ოჯახის მეპატრონემ, სადაც თითი დაკარგა, შრომის უსაფრთხოების წესი და კანონი შეახსენა, ბეჭდიანი თითით არ უნდა გემუშავაო.
_სახსრის ის ადგილი, სადაც თითი მომკვეთეს, კვლავ მტკივა. ნებისმიერ საგანზე შეხებისას მაჟრჟოლებს, თუმცა, შრომა აუცილებელია და ვუძლებ. ბუნების უსაზღვროდ მოსიყვარულე ადამიანი ვარ. ბავშვობიდან სულ ძიებაში ვარ, თუმცა, თუ აქამდე სხვადასხვა ნერგებს ვჩუქნიდი უახლოეს ადამიანებს, ახლა გაყიდვაც დავიწყე. სხვა გზა არ მქონდა, ოღონდ ჩემეული ჩანაფიქრით დავადექი ამ გზას… დღეს ბევრი სანერგე მეურნეობა მუშაობს გამართულად და სტაბილური შემოსავალიც აქვთ. მათთან კონკურენციას ვერ გავრისკავდი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყვავილოვანები თუ დეკორატიული ბუჩქოვანები, რომლებზეც მეტი მოთხოვნა იყო, დამეკალმებინა და და გამეყიდა, ღია ბაქზარზე დამკვიდრებული ღირებულების ნახევარ ფასად, – გვიყვება ქალბატონი ირინა.
ქოთნებიც პრიმიტიული ფორმით დაამზადა _პლასტმასის ბოთლები გადაჭრა, ფსკერი დაუჩხვლიტა, სახელურები, ყოველი შემთხვევისთვის , მავთულისგან გაუკეთა, ჩამოკიდება რომ დასჭირდეს, საქმე გამიმარტივდებაო და ასე დაიწყო ნერგების გამოყვანა.
კარმიდამოს, რომელსაც მისივე თქმით, ხელი იმიტომ აკლია, რომ მას ხელზე თითი დააკლდა და შემოდგომის ფოთოლცვენის ჟამს მოუწესრიგებელია, ქმარ-შვილი, დიმა, მინდია და ანასტასია გოგოტიშვილები მის მხარდამხარ ასუფთავებენ. მერე კი დასაკალმებელი თუ დასარგავი ნარჩენების მოძიებაში ეხმარებიან…
სად და რა არის ეს ნარჩენები?
გვიამბობს, რომ ზოგს სასაცილოდაც არ ეყო, როცა გამწვანების სამსახურებს თუ კერძო პირებს მიაკითხა, ნასხლავი არ გადაყაროთ, ეზოსაც გაგისუფთავებთ, მე წავიღებ და უსაზღვროდ მადლობელი ვიქნებიო.
იხსენებს ზარალის ამბავსაც _ გასულ ზამთარში, როცა მამამთილი გარდაეცვალა, სახლის სივრცეში, მთავარ დარბაზში განთავსებული 300 ქოთანი, სასწრაფოდ გაიტანეს ღია სივრცეში -ეზოში. მოხდა ისე, რომ ღამით ძლიერმა ყინვამ დაჰკრა და ერთი ნერგიც ვერ გადაარჩინა.
_ 1500 ლარი მაინც ვიზარალე. ისეთი ვარდები და მარადმწვანე ბუჩქოვანები მქონდა დაკალმებული და გახარებული, თუმცა, უფალს მაინც მადლობა, ყველაფერი გამოცდილებაა. გასაჭირის დროსაც უარეს გასაჭირზე უნდა იფიქრო და თადარიგი დაიჭირო. კვლავ დავრგე, დავაკალმე, გავახარე და გავყიდე კიდეც, _ ისე სიხარულით საუბრობს, უნებურად შეუძლია, ვინც უსმენს, ისიც იმპულსური გახადოს .
როგორც ვთქვით, ყვავილებისა და ბუჩქოვანების, დეკორატიული მცენარეების ნერგებს, ბაზარზე არსებულთან შედარებით , განახევრებული ფასებით ჰყიდის. ვინმე რომ კონკრეტულად დახლებთან არ გააღიზიანოს „დაგდებული“ ფასით, კლიენტებს სხვადასხვა ლოკაციებზე ეძებს, იყენებს სამეგობრო წრეს, ინტერნეტსივრცეს…ამბობს, რომ ის ამ გზით გამდიდრებას არ ცდილობს. შინაგანი რწმენა ეუბნება, რომ ასეთ შრომით და სარეალიზაციო მიდგომით, იმდენი შემოსავალი კი ექნება, რომ არასდროს გაუჭირდება, შვილებს ასწავლის და სრულად დააპურებს და საოჯახო გარემოსაც გალამაზებს.
ახლა ძალიან უხარია, რომ რამდენიმე თვის წინ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის და კულტურსი ცენტრში დაასაქმეს დამლაგებლად.
_ახლა მაქვს სტაბილური ხელფასი. მერიამ თითის ოპერაციისტვის საჭირო თანხაც ჩამირიცხა საავადმყოფოში. სხვა რა უნდა მინდოდეს? ძალიან მიყვარს კითხვაც. უფრო მცენარეთა, ყვავილოვანთა სამყაროს ვუკირკიტებ. დამაინტერესა, ქირომანტიით თუ მედიცინის კუთხით რას განეკუთვნება, როგორია ჩემი დაკარგული არათითი!… თურმე, მედიცინის კუთხით ყველაზე დეკორატიული თითია, ხოლო ქირომანტიის თანახმად იმ იდეალებს განეკუთვნება, რომლიდანაც საიმედო მუზაც „გამოდნება“. თვითშთაგონებისთვის კი მეტი მე რა მინდა? _ უკვე გულიანად იცინის და დაბეჯითებით ამბობს, რომ მისი „მუზა“ _ დაკარგული არათითი სწორედ ამიტომ მიუთითებს კვლავ შრომისკენ. შემდეგ კი, ლოგიკურ თვალსაწიერზე, მხოლოდ რეალური შედეგის მოპოვებაში ეხმარება.
ირინა ლაბაძისნაირ ქალბატონებს იშვიათად თუ შევხვდებით.
უსაზღვროდ მშრომელსა და ასეთივე გულმოწყალეს, როგორც დაზარალებულს და ლამის აბუჩად აგდებულსაც კი, შეეძლო, „რკინის ქალამნები ჩაეცვა“ და ქვეყანა შეეწრიალებინა. დიდი ალბათობით, გაიმარჯვებდა კიდეც… თუმცა, რაც დიდბუნებოვნებამ უკარნახა, ისე მოიქცა. თავი არავისთვის შეუცოდებია! სწორედ ამიტომ სჭირდება მას ხელისუფალთაგან განსაკუთრებული ყურადღება!
წარმატებას ვუსურვებთ შეუპოვარ ქალბატონს, „ დაკარგული არათითის მითითებით“ წამოწყებულ საქმიანობაში!
[sexy_author_bio]