საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს მოსახლეობის უნიკალურობის კონტექსტში ამბობს, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი ექნება ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი.
“საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ. სწორედ აქედან გამომდინარე განსაკუთრებულები ვართ ორი “მწვანე პასპორტით”, “უვადო პასპორტით”. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან – ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არ მგონია, ვინმეს ეს უკვირდეს…
მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია, რომ დაჰყვეს რაღაც წესებს, საქართველოში ეს, რატომღაც, დღემდე რთულია”, – თქვა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დააკვირდებიან საზოგადოების აღქმებს და დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებს საბჭო.
“დავაკვირდებით პროცესს და გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება”, – თქვა ტიკარაძემ.