ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი სახელად “სიკეთე გადამდებია – Goodness is contagious”. ჯგუფის წევრების მიზანია, რაც შეიძლება მეტ გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარონ, აკეთონ სიკეთე, რადგანაც, როგორც ჯგუფის შექმნის ინიციატორი მარიამ ბიჩინაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, სიკეთე გადამდებია.
ჯგუფი ახალი შექმნილია და ჯერ ცოტა წევრი ჰყავს. ჯგუფში უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე პოსტი, დაიგეგმა აქტივობა.
მარიამ ბიჩინაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია.
– ჯგუფის შექმნის ინიციატორი მხოლოდ თქვენ ხართ?
– დიახ, ეს ჩემი ინიციატივა იყო, თუმცა უკვე რამდენიმე ადამიანი მიდგას გვერდში და ერთად ვცდილობთ კეთილი საქმის კეთებას.
– რამდენი ხანია რაც ჯგუფი შეიქმნა?
– ჯერ მხოლოდ ორი დღეა.
– გაქვთ რაიმე აქტივობა დაგეგმილი?
– დიახ, ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ თინა ბებოს, რომელიც ტელეკომპანია ფორმულაზე, გადაცემაში “ბაიასთან”, ვნახეთ. თინა ბებოს უჭირს, არ აქვს საშუალება, რომ პროდუქტები იყიდოს, ჩვენ კი გვინდა ვუყიდოთ იმ თანხით, რაც შეგროვდება. ეს აქტივობა 11 დეკემბერსაა დაგეგმილი.
– საიდან გაჩნდა იდეა?
– იდეა გაჩნდა ძალიან დიდი ხნის წინ, გახორციელება ცოტა მერთულა და გადავწყვიტე სამომავლო გეგმების სიაში ჩამენიშნა. თსუ-ს ბავშვების მეშვეობით კი , ვფიქრობ უამრავ მოხუცს, მიუსაფარ ბავშვსა და მრავალშვილიან მშობელს დავეხმარები.
ავტორი: გუგა ლომაძე