ოპოზიციის მხრიდან იყო ოთხი წლის განმავლობაში კრიტიკა კორუფციასთან დაკავშირებით, ეს იყო ცრუ ბრალდებები. გამოვლინდა რამდენიმე კორუფციული ფაქტი მუნიციპალიტეტში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, რომელსაც მოჰყვა სათანადო რეაგირება, – ასე უპასუხა კორუფციასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიას სამომავლოდ აქვს უფრო ამბიციური გეგმები და გუნდი, რომელიც დასამტკიცებლად არის წარმოდგენილი საკრებულოში, კიდევ უფრო მეტად გამოცდილია.
„ზოგადად რომ შევაჯამოთ ოთხწლიანი პროგრამა, მე პირადად ვიტყოდი, რომ გაცილებით უფრო ამბიციური და უფრო რთული მიზნები გვაქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, წინა ოთხი წლისგან განსხვავებით. გუნდი, რომელიც დღეს საკრებულოში დასამტკიცებლად არის წარმოდგენილი, კიდევ უფრო მეტად გამოცდილია. ამ გუნდმა ძალიან ბევრი პრობლემა გადალახა, ბევრი პროექტი განახორციელა, ბევრი საქმე გააკეთა და ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მეტი უნარი შესწევთ. ოპოზიციიდან კრიტიკა იყო 4 წლის განმავლობაში, მე პირადად ვიტყოდი, რომ არაჯანსაღი კრიტიკა იყო და ჩემი აზრით, ასეც გაგრძელდება, ეს მათი საქმეა, მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, საერთოდ არ მიკვირს და სიმართლე გითხრათ, არც ვღელავ ამაზე. მათ ელანდებათ კორუფციული სქემები, ჩვენ კიდევ ვფიქრობთ საქმის გაკეთებაზე. უფრო მეტიც, ვაკეთებთ საქმეს და კიდევ გავაკეთებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ჩემთვის ძალიან იაფფასიანია მათი მხრიდან გამოთქმული ეს ფრაზები, შეფასებები, ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით.
მე პირდაპირ გეტყვით, მე არ ვამბობ, რომ მერიაში არ მომხდარა კანონის დარღვევა, თუმცა იქვე ვიტყვი, რომ თითოეულ კანონის დარღვევას მოჰყვა სათანადო რეაგირება. ოპოზიციის მხრიდან იყო ოთხი წლის განმავლობაში კრიტიკა კორუფციასთან დაკავშირებით, უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო ცრუ ბრალდებები, რამდენიმე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა მუნიციპალიტეტში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, რასაც მოჰყვა სათანადო რეაგირება. იქნება ასეთი შემთხვევები მომავალში? კიდევ იქნება რეაგირება საკმაოდ მკაცრი”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.