გუშინ, ქუთაისში, საქართველოს თასის ფინალში, ერთმანეთს წყალტუბოს “სამგურალი” და თბილისის “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულის ბედი ერთადერთმა გოლმა გამოავლინა _ მატჩის 65-ე წუთზე იური ტაბატაძემ თავური დარტყმით აიღო წყალტუბოელთა კარი და “საბურთალოს” თასის მფლობელის ტიტული მოუტანა.
“საბურთალომ” არსებობის მანძილზე მეორედ მოახერხა საქართველოს თასის მოგება და მომავალ წელს კონფერენსლიგის გათამაშებაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს.
გუშინ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა, რომელიც ამჟამად ბრატისლავის “სლოვანის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, ამავე კლუბის ქართველი მოთამაშეების ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას შესახებ ისაუბრა.
“გურამი ამჯერად ავადაა. როდესაც ის არ თამაშობს, დაცვაში რაღაც გვაკლია. ამის დანახვა უსინათლოსაც შეუძლია. მისი გამოცდილება და მონდომება ჩვენთვის დიდი პლუსია. მაგალითს მოგიყვანთ: უცხოეთში პატივისცემა გურამის და ჯაბა კანკავას მსგავსი მიდგომით მოიპოვება. ჯაბა ვარჯიშზე ან თამაშზე საერთოდ არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს თამაშით ამტკიცებს. ის 35 წლისაა, ერთი კვირის წინ დედა გარდაეცვალა, მაგრამ სამაგალითო მიდგომა გამოავლინა მატჩისა და თავისი მოვალეობის მიმართ. დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. სხვები მასთან ახლოს რომ იყვნენ, ახლა “სლოვანში” ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა”, _ განაცხადა ვაისმა.
ბრატისლავის “სლოვანი” სლოვაკეთის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 44 ქულით ლიდერია და ტრნავას “სპარტაკს” 8 ქულით უსწრებს, ხოლო კონფერენსლიგაზე ბოლო ტურის წინ 8 ქულით მეორე-მესამე ადგილებს “პაოკ”-თან ერთად იყოფს.
რაც შეეხება ქართველებს _ კაშია და კანკავა “სლოვანში” 2021 წლის ზაფხულს ვაისის ინიციატივით გადავიდნენ. მიმდინარე სეზონში გურამმა სლოვაკურ გუნდში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჯაბამ 27 თამაშში 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ორი დღის წინ საერთაშორისო ფეხბურთის ობსერვატორიამ (CIES) თავის 359-ე გამოცემაში ევროპის “TOP 5” ლიგების ყველაზე ძვირადღირებული 23-წლამდელი ფეხბურთელები დაასახელა. ჩამონათვალში ერთი ქართველიც აღმოჩნდა _ “ვალენსიას” 21 წლის გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი.
ფეხბურთის ობსერვატორია მამარდაშვილს 8 მილიონ ევროდ აფასებს, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე “ტრანსფერმარკტის” შეფასება _ 3 მილიონი ევრო.
მოსკოვის “ცსკა”-ს ქართველი მოთამაშე თორნიკე შენგელია, რომელიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში უკრაინასთან დაშავდა, ევროლიგის მომდევნო ტურშიც ვერ ითამაშებს.
შენგელიამ მუხლის ტკივილის გამო უკვე გამოტოვა ევროლიგაში “პანათინაიკოსთან” შეხვედრა, ისევე, როგორც კრასნოდარის “ლოკომოტოვთან” მატჩი VTB-ლიგაში.
ის, რომ ქართველი ფორვარდი 10 დეკემბერს კაუნასის “ჟალგირისთან” მატჩსაც დააკლდება, ცნობილმა რუსმა საკალათბურთო მიმომხილველმა ვლადიმირ გომელსკიმ გუშინ გაახმაურა.
ევროპის კონტინენტზე კორონავირუსმა ფეხი კვლავ მყარად მოიკიდა. მისი ერთ-ერთი მსხვერპლი საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიის “აპოელის” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია აღმოჩნდა, რომელსაც ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა. ინფორმაცია ქვილითაიამ სოციალური ქსელით თავად გაავრცელა.
მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის “აპოელის” რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლის გატანა მოახერხა.
ბრიტანული გამოცემა “The Sun”-ის მტკიცებით “ტოტენჰემში” კორონავირუსმა იფეთქა. დაინფიცირებულია გუნდის 7 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი. ბოლო არაოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსი გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესაც დაუფიქსირდა, თუმცა, კლუბის გადაწყვეტილებით, ინფიცირებული ადამიანების ვინაობა არ სახელდება.
“ტოტენჰემს” დაინფიცირებული ფეხბურთელები, მინიმუმ, სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან. ლონდონელები უახლოეს დღეებში ფრანგულ “რენს” შეხვდებიან, ინგლისურ პრემიერ ლიგაში კი “ბრაიტონს” და “ლესტერს” დაუპირისპირდებიან.
კორონავირუსმა გერმანულ ფეხბურთში დიდი სკანდალი გამოიწვია. როგორც ირკვევა, მიონხენგლადბახის “ბორუსიაში” ყალბი კოვიდპასპორტი გაიცა. როგორც გერმანული გამოცემა “Sport Bild” იუწყება, კლუბმა თანამშრომელი უკვე დასაჯა და გაათავისუფლა.
ადრე ცნობილი იყო რომ “ფრაიბურგთან” 0:6 მარცხის შემდეგ, “ბორუსიამ” ერთ-ერთი ფიზიოთერაპევტი გაათავისუფლა. მაშინ მიზეზი ოფიციალურად არ გაუმხელიათ. ახლა კი აღმოჩნდა რომ კლუბში კოვიდპასპორტის გაყალბებას მიხვდნენ და ფიზიოთერაპევტი ამიტომ გაუშვეს, თუმცა საქმის აღძვრაზე თავი შეიკავეს.
ეს გერმანულ ფეხბურთში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაყალბების პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ, ბრემენის “ვერდერმა” მწვრთნელი მარკუს ანფანგი გაუშვა _ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს ვაქცინაციის გაყალბებული სერტიფიკატების გამოყენებაში დასდეს ბრალი. ბრემენის პროკურატურამ ანფანგის წინააღმდეგ საქმე აღძრა.
[sexy_author_bio]