მამუკა ხაზარაძე გადმოდის ჩხუბზე, შეურაცხყოფაზე, – ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც პროკურორმა კონკრეტულ კაპიტალთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. ბადრი ჯაფარიძის შემდეგ პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძემაც მოისურვა, რასაც მასსა და პროკურორს შორის მცირე კამათი მოჰყვა.
„არ იცი-მეთქი, არც უნდა ჩაიარო და გაიარო ბანკის გვერდზე. 200 მილიონ კაპიტალზე 200 მილიონს აიღებდი კრედიტსო? კითხულობს. უსმენს თავის თავს რას ლაპარაკობს?!”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროკურორის მისამართით.
მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს მიუთითა, რომ ამ ფორმით ჩართვა ყოვლად მიუღებელია.
„მშვენივრად მიდიოდა სხდომა, რა გჭირთ”, – აღნიშნა მოსამართლემ, რა დროსაც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ “დიახ, სხდომა კარგად მიდიოდა, სანამ მამუკა ხაზარაძე ჩაერეოდა. გადმოდის ჩხუბზე, შეურაცხყოფაზე”.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
წყარო: ინტერპრესნიუსი