არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში – თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი მინისტრის კანდიდატურა შიდა პოლიტიკური კონსულტაციებით შეირჩევა.
„დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ, რომელსაც საკითხები და დღის წესრიგი ამოწურული აქვს ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს. რასაკვირველია, არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში და ბრიფინგმაც, რომელიც ჩაატარა მინისტრმა, დაგვანახა, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოშია ეს გადაწყვეტილება მიღებული.
მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ეკატერინეს შემდეგ საქმიანობაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ახალი მინისტრის კანდიდატურა შიდა პოლიტიკური კონსულტაციებით შეირჩევა და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მინისტრის დანიშვნა და კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მისი პრეროგატივა გახლავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ოპოზიცია შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი ტიკარაძე – ღარიბაშვილის დაპირისპირებას გამორიცხავს.