ბოლო წლებია საქართველოში ახალი წელი „საიდუმლო სანტას“ გარეშე წარმოუდგენელია. ოჯახებში, სამსახურსა თუ სამეგობრო წრეში უკვე ტრადიციადაა ქცეული საიდუმლოდ ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთება და წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდის უფრო ჯადოსნურად ქცევა.
„საიდუმლო სანტას“ მთავარი ხიბლი მის ანონიმურობაშია. მოთამაშეები ფურცელზე დაწერილ ერთმანეთის სახელსა და გვარებს კალათიდან იღებენ და ვისი სახელიც ეწერება მის ამოღებულ ფურცელზე, ახალ წლამდე ანონიმურად მას საჩუქრებს უკეთებს. საბოლოოდ კი, როდესაც ყველა ნაძვის ხესთან იკრიბება ფინალური საჩუქრის გადასაცემად, „სეკრეტ სანტების“ ვინაობებიც ირკვევა.
„საიდუმლო სანტას“ თამაშის ტრადიცია ამერიკიდან მოდის. პირველ საიდუმლო სანტად ლერი დინ სტიუარტია მიჩნეული.
ისტორია დაიწყო ასე: დეკემბრის ერთ ცივ დღეს ლერი რესტორანი შევიდა ფინჯანი ყავის დასალევად. იმავე რესტორანში ლერის თანადროულად შევიდა უსახლკარო კაციც, რომელსაც, როგორც ეტყობოდა, საკმარისი ფული არ ჰქონდა. ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ აღმოჩნდა რესტორნის მზარეულისთვის, რომელმაც მოხერხებულად უსახლკარო კაცს 20 დოლარიანი მიაწოდა და უთხრა: „მგონი დაგივარდათ“.
სტიუარტზე ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია. სწორედ ამის შემდეგ შეამჩნია, როგორ თხლად ეცვა რესტორნის მიმტანს, რომელიც ალბათ რამდენს წვალობდა, რომ წინასაშობაოდ საკმარისი ფული გამოემუშავებია. დახმარება სწორედ მისით დაიწყო და მიმტანს დიდი „ჩაი“ დაუტოვა.
შემდეგ ბანკში წავიდა, ფული წვრილად დაშალა და ქუჩაში ყველას დაურიგა, ვისაც შეატყო, რომ უჭირდა. მან ეს ტრადიციად აქცია და 26 წლის განმავლობაში ყოველ დეკემბერში გასცემდა 100 დოლარიან კუპიურებს, რამაც ჯამში 1.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
ლერის ვინაობა უცნობი იყო, ამას ის ანონიმურად აკეთებდა. მხოლოდ 2006 წელს გაიგო საზოგადოებამ „100 დოლარიანი კაცის“ ვინაობა. ვინაობის გამხელის მიზეზი კი მისი დაავადება გახდა, რომლის შედეგად დაიღუპა კიდეც 58 წლის ასაკში. მას სურდა ახალ სატებს გაეგრძელებიათ ეს საქმიანობა, რაც დღესაც წარმატებით გრძელდება.