საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჟურნალისტები შეუშვან, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა.
ამასთან დაკავშირებით განცხადება მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გააკეთა:
“დღეს მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობის ჟურნალისტები საჯაროდ, კამერების თანდასწრებით მიიღოს, უმასპინძლოს საკუთარ პალატაში, რათა ყველანაირი ეჭვი მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მისტიკურ ინსიმულაციებს აქვს ადგილი, გაქრეს და საზოგადოებამ საჯაროდ იხილოს მისი მდგომარეობა”, – აღნიშნა ადვოკატმა.
შოთა თუთბერიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი მისი ბიძის, თემურ ალასანიას გამოკითხვაზე დაბარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “მასკარადი, რომელსაც ხელისუფლება მართავს, სასაცილოა”.
“გამოეხმაურა ბატონი თემურ ალასანიას ჩამოსვლას. მიიჩნევს, რომ სასაცილოა ის მასკარადი, რასაც ხელისუფლება მართავს ახლა, იძიებს, ვინ აყურადებდა ბატონი თემურის საუბარს და სურთ 2018 წელს დაწყებული გამოძიების დღეს გაგრძელება. ეს გამოძიება არის ფარსი და შეიძლება ამავე ჟანრში გაგრძელდეს. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ დავაორგანიზოთ მიხეილ სააკაშვილის მის ბიძასთან შეხვედრა”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა ხვდება.