საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
როგორც საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა
გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისათვის, ზოგიერთზე კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვებით.
“გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ინტენსიური ნალექის გარდა, გუშინ აფერხებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოცურების საჭინააღმდეგო ჯაჭვების, ზოგ შემხვევაში კი, არასეზონური საბურავებით მოძრაობა.
ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე – კორშა-შატილის მონაკვეთზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, “,_ამბობენ საგზაო დეპარტამენტში.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციითვე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ173 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო კმ80-კმ173 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.