სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტშია წარდგენილი.
ცვლილების საჭიროება განპირობებულია ამ სამსახურის უკეთესი ინსტიტუციური მოწესრიგების საჭიროებით.
„დღეს არსებული სახით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც პერსონალური მონაცემების დაცვას, ისე საგამოძიებო კომპონენტს ახორციელებს, რაც ფუნქციების აღრევასა და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. დღეს არსებული სახით, მუდმივად არსებობს რისკი, რომ ერთ შემთხვევაში გამოძიების ინტერესების სასარგებლოდ პერსონალური მონაცემები იყოს გამოყენებული, ხოლო მეორე მხრივ, პერსონალურ მონაცემებზე ზრუნვის საბაბით, გამოძიების ნაწილი ეფექტურად არ წარიმართოს.
აღსანიშნავია, რომ სამსახურის რეფორმა 2018 წელს განხორციელდა, თუმცა ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა. გამოიკვეთა, რომ 2018 წლამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც ფარული მიყურადების განხორციელებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელში იყო, კიდევ უფრო ეფექტიანად ხორციელდებოდა. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებით და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნით, არსებული ვითარება ინსტიტუციურადაც მოწესრიგდება და წარმოდგენილი ცვლილებები გააუმჯობესებს როგორც საგამოძიებო, ისე პერსონალური დაცვის კომპონენტის ეფექტურობას.
წარმოდგენილი ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი კიდევ უფრო ფართოვდება და მას ემატება მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კი კიდევ უფრო ეფექტურ ორგანოდ ჩამოყალიბდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სამსახურების წარმოდგენილი სახით მოწესრიგების შეთავაზება 2018 წელს ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რასთან დაკავშირებითაც ოფიციალური განცხადებებიც აქვთ გავრცელებული“, – აღნიშნულია კანონპროექტში, რომლის ავტორები და ინიციატორები რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი არიან.