,,ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს ის უწყება“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ებრძვიან განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების ფარგლებშიც კი.
„ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მათ კონტროლს მიღმა იყო და ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს ის უწყება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იძიებს არაადამიანურ მოპყრობას.
მაქსიმუმ 1 თვეში იგეგმებოდა დასკვნის გამოტანა, რომელიც იქნებოდა ძალიან ძლიერი მტკიცებულება არამარტო ჩვენს საერთო სასამართლოებში, არამედ სტრასბურგშიც.
ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და ის დემოკრატიული რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია, მხოლოდ ორია – ეს არის სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი. სახალხო დამცველს დროდადრო დაპატიმრებით ემუქრებიან და იმასაც საუბრობენ, რომ ნინო ლომჯარიას ადგილას მათი გუნდის წარმომადგენელი უნდა იყოს. სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებულია იმ დასკვნის გასაჯაროებით, რომელიც მათ საჯაროდ უნდა გამოედოთ დაახლოებით 1 თვეში, რაც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე ნათელს მოჰგვრის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
[sexy_author_bio]