ჩოხატაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა.
ახალი სახანძრო-სამაშველო შენობაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა გახსნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა ექნებათ შექმნილი – თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახები, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით. ჩოხატაურის ახალ სახანძრო-სამაშველო შენობაში მოწყობილია 4 ავტომობილზე გათვლილი სადგომი. განყოფილება უზრუნველყოფილია სარეზერვო წყლის სისტემით, ეზოში განთავსებულია სპეციალური სავარჯიშო კოშკურა.
ახალ შენობაში სულ 18 თანამშრომელი იმუშავებს. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის გარდა, ჩოხატაურის განყოფილებაში განთავსდება სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც.