,,მიხეილ სააკაშვილი ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი,“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 27 და 30 დეკემბერს გამოწერილი ფორმა ასი ერთმანეთის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 30 რიცხვით დათარიღებულ დოკუმენტს ხელს არა ექიმი ნინო გოგორიშვილი, არამედ ვინმე ჯეირანაშვილი აწერს.
ასევე ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რეალურად გაუმჯობესებული კი, არა გაუარესებულია.
მან ასევე, აღნიშნა, რომ გორის ჰოსპიტალი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთადერთი დანიშნულების დაწესებულება, რომ ის არ მომკვდარიყო და კაპტოპრილით ემკურნალათ.
“მთავარი რაც იკვეთება, არის ის, რომ ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი. მე ვნახე ორივე ფორმა 100, 27-ის და 30 დეკემბრის, ორივე არის იდენტური, ყალბი. დადგენილი ვერნიკეს ენცეპალოპათია არის ამოღებული დიაგნოზიდან. იგი არის ნიველირებული და ჩამოქვეითებული ე.წ. დისმეტაბოლურ ენცეპალოპათიამდე. ამას ექიმები უკეთ ახსნიან.
რაც შეეხება ქალბატონი გოგორიშვილის 27 დეკემბრის ფორმა 100-ს, 30-ში ეს შედგენილია ზუსტად იგივე შინაარსით. 30-ის ფორმა 100-ს და გამოწერას ხელს აწერს არა ქალბატონი გოგორიშვილი, როგორც ჩანს, მან მეორედ ამის ხელმოწერაზე უარი თქვა, არამედ აწერს ხელს ვინმე ჯეირანაშვილი. არ ვიცი ეს ვინ არის.
ეს კაცი არის ვითომ გამოჯანმრთელებული, სინამდვილეში, უარესად არის. მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ დაბრუნდა იგივე წონით, რითაც გავიდა, რაც ნიშნავს, რომ რეფიდინგით არ მომხდარა მისი აღდგენა და არც წონის მატება აქვს. პირიქით, კუნთების მოდუნება აქვს და ასე შემდეგ წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებოდა გორში. გორის ჰოსპიტალი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთადერთი დანიშნულების დაწესებულება, რომ იგი არ მომკვდარიყო და კაპტოპრილით ემკურნალათ, დაეწიათ წნევა მისთვის, მეტი არაფერი მომხდარა,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 30 დეკემბრის ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.