ლანჩხუთში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. გასულ 24 საათში ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“კონკრეტული კლასტერი არ გვაქვს. არის ახალი შემთხვევები, ძველი შემთხვევების კონტაქტები. არის შემთხვევები ოჯახის ყველა წევრის ინფიცირების. ზამთარია, არ აქვთ იზოლაციის პირობები ან არ იცავენ, ყველა ერთ ოთახშია შეკრებილი. თუნდაც დაიცვან იზოლაცია, სიმპტომების გამოვლენამდე კონტაქტი მოქმედებს. მითუმეტეს ნაახალწლევს მისვლა-მოსვლა იციან, მატულობს მოსახლეობის მობილობა და ესეც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 5757 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4921 პაციენტი, გარდაცვლილია 74. ამ დროისთვის აქტიურია 762 შემთხვევა, საიდანაც კოვიდკლინიკაში 40, სასტუმროში-1, დანარჩენები კი ბინაზე მკურნალობენ.