ამერკული ტექნოლოგიური გიგანტი „გუგლი“ რუსეთმა დიდძალი თანხით დააჯარიმა. სასამართლომ ამერიკულ კომპანიას 7.2 მილიარდი რუბლის, 98 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა იმის გამო დააკისრა, რომ „გუგლმა“ განმეორებით არ წაშალა კონტენტი, რომელსაც რუსეთი არალეგალურად მიიჩნევს.
ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ „გუგლი“ და სხვა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები რუსეთის კანონმდებლობას არღვევენ. რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ ამერიკულმა კომპანიებმა რუსეთში ოფისები გახსნან და მონაცემთა ბაზები რუსეთში გადაიტანონ.
კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პუტინის რუსეთის ქმედებები ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრებას ისახავს მიზნად, რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი.
კრემლის მიერ კონტროლირებული სასამართლო ბოლო პერიოდში ამერიკული კომპანიების მიმართ ჯარიმების დაწესებაში განსაკუთრებით გულუხვია. ათობით მილიარდი რუბლის ოდენობის ჯარიმები უკვე დაუწესდა კომპანიებს „მეტა“ (ყოფილ “ფეისბუქს”), „ტვიტერს“ და „გუგლს“.
სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, „გუგლისთვის“ დაკისრებული ჯარიმა კომპანიის ყოველწლიური შემოსავლის მიხედვით განისაზღვრა.
თავად „გუგლში” ამბობენ, რომ რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილებას შეისწავლიან და შემდეგ განსაზღვრავენ სამოქმედო გეგმას.
წყარო: ამერიკისხმა