მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს, 11:00 საათზე გამოცხადდება. მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე უნდა გამოიტანოს, რომელშიც სახელმწიფო ბრალდებამ ყოფილი ბანკირების და მოქმედი პოლიტიკოსების ბრალეულობა დაინახა.
გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდება დაცვა, ხოლო გამამტყუნებელ განაჩენს – ბრალდება, რომელმაც გუშინ სხდომაზე და სხდომის შემდეგაც თქვა, რომ ამ საქმეს ჰყავს დაზარალებული და ის „თიბისი“ ბანკია. პროკურატურა ამბობს, რომ „თიბისი“ ბანკიდან აღებული სესხი ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა მეორე დღეს იმავე ბანკის დამფუძნებლებს – ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ასესხეს და მოგვიანებით, ბანკმა კომპანიებს ვალი ისე ჩამოაწერა, რომ თანხა არ დაბრუნებულა. საქმე 16 664 000 დოლარს ეხება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“. მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.
2019 წლის 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.