გარკვეულ ეტაპზე ჩვენ გადავალთ პანდემიის ფაზიდან ენდემიურ ფაზაზე და კორონავირუსი გახდება ენდემიური, თუმცა პანდემიის ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით და არ შეგვიძლია ვივარაუდოთ დრო. ჯერ არაა დრო, რომ ეს მოხდეს და ეს კატეგორიზაცია გავაკეთოთ, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორმა ნინო ბერძულმა „ქრონიკას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.
„ეს შესაძლებელი იქნება. ფრთხილი ოპტიმიზმი გაგვაჩნია, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი აიწევს, მაშინ პოტენციურად არის შესაძლებლობა პანდემია ენდემიურ ფაზაში გადავიდეს. ამისთვის საჭიროა ვაქცინით დაცვა და ბუნებრივი იმუნიტეტი. ქვეყანაში მინიმუმ 80-85 % მოსახლეობის აცრილი უნდა იყოს, ისე ამ მიზნამდე ვერ მივალთ. ვაქცინებთან მიმართებით უნდა ვიყოთ სოლიდარულები. ეს არის გლობალური პანდემია და ერთ ქვეყანაში მოსახლეობის თუნდაც 90 %-ის მოცვა საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინააციით მოსახლეობის მოცვა ჯერ მხოლოდ 1%-ია. მეორე მხარეს გვყავს ქვეყნები, სადაც „ბუსტერიზაციას“ აკეთებენ. დასაცავი გვაქვს ბალანსი“, – აღნიშნა ბერძულმა.