ჩოხატაურში სასწავლო პროცესის განსაახლებლად ყველაფერი მზად არის,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
“სკოლებში შეტანილი გვაქვს სადეზინფექციო ხსნარები. მოგვარებული გვაქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები, გატესტილია მასწავლებლები, მზადყოფნაში არიან მძღოლებიც ბავშვების ტრანსპორტირებისთვის.
იმედი გვაქვს, რომ ხვალ დიდთოვლობა და ელექტროენერგიის არ ქონა სასწავლო პროცესში ხელს არ შეგვიშლის. ახლა დამოკიდებული ვართ მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე. იმედია, ხვალ რამე შემაფერხებელი პრობლემა არ გვექნება.
რამდენიმე სოფელში რთული ეპიდმდგომარეობა არის. ეს არის ნაბეღლავის მიმართულება. გაიტესტა ყველა მასწავლებელი, აქედან 4-ს აღმოაჩნდა ვირუსი და იზოლაციაში არიან. რამდენიმე მოსწავლეც ნაბეღლავში იზოლაციაში იმყოფება”,_ განაცხადა სიხარულიძემ.
ინფორმაციისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.