დღეს კვირაა და ჩოხატაურში, ტრადიციულად, ბაზრის დღეა. უხვი თოვლისგან გამოწვეული შედეგები აქაც თვალშისაცემია. სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსულ მგზავრებს ფეხები თოვლში ეფლობათ. ამის გამო კი უკმაყოფილებას მძღოლების მისამართით გამოხატავენ, რადგან უკეთეს ადგილას ვერ გააჩერა. მძღოლები, თავის მხრივ, თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ გზა გაწმენდილი არაა და სხვაგან ვერ გააჩერებენ.
უკმაყოფილებას ხალხი ბაზრის ტერიტორიაზე შესვლისასაც გამოხატავს _ “შეუძლებელია ისე შეხვიდე, მანქანამ ეს ჭუჭყიანი წყალი არ მოგასხას”, _ ამბობენ ისინი.
ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ბაზარს სტუმრობდა. როგორც აღმოვაჩინეთ, ყველის ფასმა დაიკლო.
“კოხნარიდან ჩამოვედი დაუბრკოლებლად. ყველს ვყიდი. ძალიან გაიაფდა. 11 ლარად ვყიდი”, _ გვითხრა ყველით მოვაჭრე ერთ-ერთმა ქალბატონმა.
შპს ჩოხატაურის აგრარული ბაზრის დირექტორი თამაზ დევიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კლიმატური პირობების გამო დღეს ცოტა ხალხია ბაზარში. მისვლა ვერც მოვაჭრეებმა და ვერც მყიდველებმა ვერ შეძლეს.
“კლიმატურმა პირობებმა ხალხის ნაკლებობა გამოიწვია. როგორც მოვაჭრეები, ისე მყიდველებიც არ არიან”,_ გვეუბნება ის.
რაც შეეხება ფასებს, ბაზრის დირექტორი ამბობს, რომ სხვა ბაზრობებთან შედარებით, ჩოხატაურის ბაზარზე პროდუქცია იაფია.
“ფასები ჩვენ არ გაგვიზრდია, ვინარჩუნებთ. სხვა ბაზრობებთან შედარებით თითოეული პროდუქტი ჩვენთან 2-3 ლარით იაფია. სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორებიცაა: მარილი, ზეთი თავისთავად მატულობს ფასი”,_ ამბობს თამაზ დევიძე.