ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
სოფელ თხინვალში 150 ბავშვი სწავლას განახლებულ სკოლაში გააგრძელებს. განახლებული სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა წყალ-კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრომომარაგებისა და ვენტილაციის სისტემები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 67 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
(R)