გასული წლის ნოემბრის ბოლოს, გურიის გუბერნიის აპარატის უფროსი, ანა კიშინსკი სამსახურიდან საკუთარი განცხადებით გათავისუფლდა.
რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ასეთი უმუშევრობის ჟამს, მეტ-ნაკლებდ, კარგად იციან, რას ნიშნავს, „სამსახურიდან საკუთარი განცხადებით წასვლა“.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, ანა კიშინსკი, მუხედავად იმისა, რომ „გუბერნიიდან საკუთარი განცხადებით გათავისუფლდა“, ახლახან კვლავ დაინიშნა ახალ თანამდებობაზე, გურიის გუბერნტორის თანაშემწის პოსტზე.
ბუნებრივია, საზოგადოებაში, უამრავი კითხვა გაჩნდა, ჯერ რატომ გაათავისუფლეს ან რატომ წავიდა „საკუთარი სურვილით“ ანა კიშინსკი, თუ ისევ უკან დაბრუნებას აპირებდა? რა ხდება გურიის გუბერნიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით?
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ანა კიშინსკი აღნიშნულ თანამდებობაზე, 1 თებერვლიდან დაინიშნა. კითხვაზე, ნამდვილად დაინიშნა თუ არა, ქალბატონმა ანამ დაგვიდასტურა, რომ ის დაინიშნა გურიის გუბერნატორის, გიორგი ურუშაძის თანაშემწედ.
_თქვენ იყავით აპარატის უფროსი და „საკუთარი განცხადებით“ დატოვეთ თანამდებობა. ანუ, სხვა თანამდებობაზე გადაყვანა კი არ მომხდარა, „საკუთარი სურვილით“ გაგათავისუფლეს. ახლა კი ისევ დაბრუნდით გუბერნიაში. ხომ ვერ გვეტყვით, რას ნიშნავს ასეთ წასვლა-მოსვლა. რატომ დატოვეთ სამსახური და ახლა რატომ დაგაბრუნეს?
_სამწუხაროდ, ვერ გიპასუხებთ, მეტს ვერაფერს გეტყვით _ გვითხრა ქალბატონმა ანამ.
გურიის გუბერნიაში უცნაურ საკადრო ცვლილებებზე აქტიურად საუბრობენ საზოგადოებაში. უახლოეს პერიოდში „გურია ნიუსი“ აღნიშნულ საკადრო ცვლილებებზე ვრცლად შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]