სომხეთის მოქალაქე, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების შეურაცხყოფაში დამნაშავედ ცნეს – ამის შესახებ ინფორმაციას armenpress ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ერევანში მცხოვრებმა მოქალაქემ 2021 წლის სექტემბერში პოლიციის განყოფილებაში დარეკა და ფაშინიანის, მინისტრ ვაჰაგნ ხაჩატურიანსა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სექსუალური ხასიათის სალანძღავი სიტყვები გამოიყენა.
armenpress ცნობით, სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა “დანაშაული აღიარა” და მას 500 000 დრამის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სომხური საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 137.1 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტით მიმდინარეობდა, რაც საჯაროდ საშიში ქმედების ჩადენას გულისხმობს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პროკურატურამ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის ამავე მუხლით სულ 263 სისხლის სამართლის საქმეა გახსნილი, 25 შეწყდა, 5 შეჩერდა და 11 სხვა სისხლის სამართლის საქმეს შეუერთდა.
ცნობისთვის, სომხეთის პარლამენტმა “მძიმე შეურაცხყოფა” დასჯადი 2021 წელს გახადა. უფრო მკაცრი სასჯელი ექნებათ მათ, ვინც მსგავს ენას თანამდებობის პირების მიმართ გამოიყენებს. მაქსიმალური ჯარიმა 6 000 დოლარი ან 3 თვემდე პატიმრობაა.
[sexy_author_bio]