“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმი არ არსებობს და ხელისუფლების მიერ ყველა დამოუკიდებელი შტო მიტაცებულია. ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილს ვპირდებით, რომ ადრე თუ გვიან ამ კორუფციასთან დაკავშირებით მას მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს,” – ამის შესახებ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბაკურიანში 49-წლიანი იჯარით ტყის მიტაცება, ნებისმიერ თანამდებობის პირს და საჯარო მოხელეს ხელ-ფეხს უხსნის, კორუფციაში ჩაერთონ. ლაშა ფარულავას განცხადებით, მათი მიმართვის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქმეზე გამოძიება არ დაიწყო.
„ქვეყანაში ერთადერთი საგამოძიებო ინსტრუმენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოა, რომელიც უნდა ებრძოდეს ინტერესთა შეუთავსებლობას და კორუფციას საჯარო დაწესებულებაში. ამისთვის გადასახადის გადამხდელები ყოველწლიურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 120 მილიონზე მეტით აფინანსებენ. მიღებული კორესპონდენციის მიხედვით შეგვიძლია მოურიდებლად განვაცხადოთ, რომ ანტიკორუფციული სააგენტო პოლიტიკური კორუფციის წამახალისებელი ინსტიტუტია, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წამოწყებასაც კი ვერ ბედავს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბაკურიანში ტყის მიტაცება 49 წლიანი იჯარით, ხელ-ფეხს უხსნის ნებისმიერ თანამდებობის პირს და საჯარო მოხელეს ჩაერთონ კორუფციაში, არაკეთილსინდისიერად განკარგონ სახელმწიფო და საბიუჯეტო რესურსები და მთლიანად ანადგურებს ქვეყანაში მელიტოკრატიულ იდეას და მთლიანად კორუმპირებულ-კლანურ სისტემას აყალიბებს,“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.