საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ქალაქ კიევში და გენერალური საკონსულოები ქალაქ ოდესაში, ქალაქ დონეცკში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
“საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქალაქ კიევში და გენერალური საკონსულოები ქალაქ ოდესაში, ქალაქ დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასულები არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17
ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ, გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.
როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წვერი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია.
შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის,” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.