პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ადგილი საჯარო სივრცეში არ არის, ამიტომაც ემალება ის საზოგადოებას და საკუთარი პარტიის წევრებს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, გახარია „დამარცხებული, წარუმატებელი და გაკოტრებულია“.
„ჩვენ არავის არ ვდევნით. ის თვითონ არის განდევნილი, მან თვითონ განდევნა საკუთარი თავი საჯარო სივრციდან და მგონი, კარგიც გააკეთა, რადგან ხვდება, რომ მისი ადგილი არ არის საჯარო სივრცეში. ამიტომ ემალება საზოგადოებას და საკუთარი პარტიის წევრებს. ხვდება, რომ პირველ რიგში ფინანსური ვალები აქვს გასასტუმრებელი. მას არ აქვს გამოსაჩენი პირი – ღიად შეიკრა „ნაცმოძრაობასთან“, არჩევნებში ვერ მიაღწია იმას, რისი მიღწევაც უნდოდა, რომ ვერ აგვეღო ჩვენ 43%; არის წარუმატებელი, დამარცხებული; არის ალიანსში „ნაცმოძრაობასთან“, შესაბამისად, არ აქვს არავისთან გამოსაჩენი პირი. ყველაზე ნაკლებად რაზეც შეიძლება ვდარდობდეთ ახლა, ეს შურისძიებაა, ამ გაკოტრებული ადამიანის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მოგვიანებით, საზოგადოებისთვის ბევრი საინტერესო დეტალი გახდება ცნობილი გიორგი გახარიას შესახებ. თუმცა, დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.