უკრაინაში მოვლენების დაძაბვის პარალელურად რუსეთის მიმართ დაანონსებული სხვადასხვა მკაცრი სანქციები ამ ქვეყნის სპორტსაც შეიძლება რომ შეეხოს.
გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ „Mirror“ გაავრცელა ცნობა რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი შესაძლოა შეიცვალოს. მატჩი სანკტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენაზე“ 28 მაისს უნდა გაიმართოს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაჯდება, სანკტ-პეტერბურგის მთავარ ალტერნატივად კი ლონდონი და მისი სტადიონი „უემბლი“ განიხილება.
უფრო მეტიც. ბრიტანული გამოცემის მტკიცებით, შესაძლოა რუსული კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთის მომსწრენიც გავხდეთ.
ამ ინფორმაციის გაჟღერებიდან რამდენიმე საათში უეფა-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„უეფა შექმნილ სიტუაციას და მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდება. ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით გეგმები არ არსებობს.”
გუშინვე ცნობილი გახდა რომ პოლონეთის საფეხბურთო კავშირი ფიფასა და უეფაში წერილის გაგზავნას აპირებს, რუსეთ-პოლონეთის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩის მოსკოვიდან გადატანის თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებამდე პოლონური ფეხბურთის ხელმძღვანელები რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო მივიდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ მოსკოვი მატჩის გასამართად მთლად უსაფრთხო ქალაქი შეიძლება არ იყოს.
პოლონეთის სპორტის მინისტრი, კამილ ბორტნიჩუკი იმედოვნებს, რომ შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. რუსეთ-პოლონეთის შესარჩევი ფლეი-ოფის მატჩი წესით 24 მარტს უნდა ჩატარდეს მოსკოვში. გამარჯვებული, გადამწყვეტ შეხვედრაში 29 მარტს, შვედეთ-ჩეხეთის წყვილის მოგებულს შეხვდება.
გუშინ ახლო წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს შოთა და არჩილ არველაძეებს დაბადების დღე ჰქონდათ. მათ 49 წელი შეუსრულდათ.
ამსტერდამის „აიაქსმა“ შოთას დაბადების დღე ფეისბუქსა და ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტებით მიულოცა. ნიდერლანდურმა გუნდმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც „აიაქსში“ არველაძის ათ საუკეთესო გოლს ასახავს.
შოთა არველაძე „აიაქსში“ ასპარეზობდა და 125 მატჩში 72 გოლი გაიტანა.
გუშინ საქართველოს უძლიერესმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის საერთაშორისო ტურნირის პირველი შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს დაუპირისპირდა.
სამწუხაროდ ქართველმა დოჰას ტურნირის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოახერხა და მეტოქესთან სულ რაღაც ერთ საათში უპირობოდ დამარცხდა – 2:6, 3:6.
ესპანური გამოცემა „El Chiringuito“-ს მტკიცებით „რეალისა“ და „ბარსელონას“ ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ დორტმუნდის „ბორუსიის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, ხშირად ტრავმიანობს, ამიტომ მისი ტრანსფერის შესახებ დაფიქრებაა საჭირო, რადგან მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ტრავმების მიზეზით უკვე 14 შეხვედრა გამოტოვა.
ეს ორი კლუბი 21 წლის ნორვეგიელის გადაბირებითაა დაინტერესებული და მისი მოხშირებული ტრავმები სავარაუდო ტრანსფერის უკვე ეჭვს აჩენს.
იტალიური გამოცემა „Calciomercato“-ს ინფორმაციით ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ 29 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მარიო იკარდის გადაბირება „მილანს,“ „ნაპოლისა“ და „რომას“ სურთ. „მილანში შეტევის ხაზის გაახალგაზრდავება სურთ, „ნაპოლი“ და „რომა“ კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე კონკურენციის გაზრდას აპირებენ.
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის ორი შეხვედრა გაიმართა.
„ვილიარეალი“ – „იუვენტუსი“ 1:1
„ჩელსი“ – „ლილი“ 2:0
[sexy_author_bio]