კოვიდსიტუაციებით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ჩოხატაურში კვლავ გაიმართა იუნკერების: მაკარ ბურჭულაძის, აკაკი და გედეონ ხუნდაძეების სახელობის ტრადიციული ტურნირი ფუტსალში.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დაბა ჩოხატაურის, გუთურის, ერკეთის, გორაბერეჟოულის, ჯვარცხმის, საჭამიასერის, ხიდისთავის, კოხნარის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები.
3-დღიან დაძაბულ პაექრობაში პირველი ადგილი საჭამიასერის გუნდმა დაიკავა, რომელიც თასით, სიგელით და 700 ლარის ოდენობით ფულადი პრიზით დაჯილდოვდა. მეორე ადგილზე დაბა ჩოხატაურის გუნდი გავიდა და საჩუქრად თასი, სიგელი და 500 ლარი მიიღო. მესამე ადგილოსანი ხიდისთავის გუნდი გახდა, მას სიგელი და 300 ლარი ერგო საჩუქრად, ხოლო მეოთხე ადგილზე გასულმა გორაბერეჟოულის გუნდმა სიგელი და ასევე, სამადლობელი ოვაციები დაიმსახურა.
ტურნირის საუკეთესო ფუტსალისტის წოდება დაბა ჩოხატაურის გუნდის სპორტსმენს დავით დგებუაძეს მიენიჭა და სიგელით დასაჩუქრდა.
ტურნირის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა და სიგელი დაიმსახურეს ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ზურაბ მათითაიშვილმა და საჭამიასერის გუნდის ფუტსალისტმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზაურ ზარბაზოამ.
მადლობა დაიმსახურეს აგრეთვე თითოეულ ადმინისტარციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მიმდინარე ეპიდვითარების და სხვა გართულებების მიუხედავად, უზრუნველყვეს ტურნირში აღნიშნული გუნდების მონაწილეობა.
ტურნირის მონაწილეებმა პარალელი გაავლეს 1921 წელს საქართველოს წინააღმდეგ და ამჟამად უკრაინაში რუსეთის აგრესიას შორის და ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი უკრაინელ ხალხს.
შეჯიბრი ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.