მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის – ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული.
საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში.
„ევროპელობა” სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია.
ისტორიამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად განაგრძობს წინსვლას ამ მიმართულებით და დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
დღეს საქართველო, ისე როგორც არასდროს, ახლოს არის ევროკავშირთან.
2014 წელს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ხელი მოვაწერე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რათა წარმატებით დაგვეწყო სვლა ევროინტეგრაციის გზაზე და ჩაგვეყარა მტკიცე და მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის საბოლოო ევროპეიზაციისთვის.
საამაყოა, რომ 2014 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრულობითა და საზოგადოების მხარდაჭერით საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, წარმატებით ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ევროკავშირთან სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების კუთხით.
დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ვამკვიდრებთ ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს საზოგადოებებს და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დასამყარებლად.
თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას მივაღწიოთ. ქვეყნის მოდერნიზაცია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მთელ რიგ სექტორებში შეუქცევადია გახდა.
შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია, მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს.
ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თორემ, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.
ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა:
- ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა,
- ქრისტიანული მრწამსი და
- დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.
საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა ხალხმა შექმნა ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუცია ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებსაც კი ზედმიწევნით შეესაბამებოდა.
1991 წელს აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და მთავარ გეზად ევროპული ორიენტაცია განსაზღვრა.
ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისათვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.
დასასრულს, მინდა მოვიშველიო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპის კონსტიტუციის ავტორის, მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელის) სიტყვები, ადამიანის, რომელმაც გაუსწრო დროს და ერთიანი ევროპის იდეით შეპყრობილმა იწინასწარმეტყველა კიდეც ევროგაერთიანება: „საქართველომ იცის, რომ ევროპას ეკუთვნის. ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები. საჭიროა, საქართველომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპაში და დასავლურმა ერებმა მიიღონ საქართველო თავიანთ ოჯახში”.
ეს სიტყვები, ისე როგორც არასდროს, პასუხობს დღევანდელ რეალობას. იმედი გვაქვს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღეს საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიგვიყვანს.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“