აშშ პოლონეთთან ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, აღნიშნულთან საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა პარტნიორებთან. ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა.
თეთრი სახლის სპიკერის თქმით, განიხილება, რით შეუძლია აშშ-ს პოლონეთის მხარდაჭერა, თუ პოლონეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას გადაწყვეტს.
,,პოლონეთთან საუბრის ფარგლებში, აშშ განიხილავს თუ რა შესაძლებლობების მიწოდება შეგვიძლია პოლონეთისთვის, თუ ის გადაწყვეტს თვითმფრინავების უკრაინაში გადაყვანას“ – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ რა ვარიანტები განიხილება.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა. ასევე მან აღნიშნა, რომ მოსაგვარებელია ბევრი ლოგისტიკური საკითხი, მათ შორის, როგორ მოხდება პოლონეთიდან უკრაინაში თვითმფრინავების გადაცემა.
CNN წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ორმა ამერიკელმა კანონმდებელმა აღნიშნა, რომ ზელენსკის თქმით, პოლონეთი მზადაა უკრაინას მიგ-ის გამანადგურებლები გადასცეს და აშშ-ს ნებართვას ელოდება.
[sexy_author_bio]