თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის და შექმნის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება, რომ პატარა ქვეყანამ საერთაშორისო სასამართლოში თავისი სიმართლე დაამტკიცოს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აღნიშნა, მეორე დოკუმენტი აქვს ქვეყანას, რომელიც მეტად გაამყარებს ქართველების, საქართველოს, ქართული ჯარის, დაზარალებულებისა და სამოქალაქო პირების სიმართლეს.
„ჰააგის სასამართლოს პროკურორის, ქარიმ ხანის გადაწყვეტილება გახლავთ მართლაც ისტორიული საქართველოსთვის და არა მხოლოდ. რა თქმა უნდა, ის შექმნის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება, პატარა ქვეყანამ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცოს თავისი სიმართლე. რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ ხელთ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას სამართლებრივი დავა მოუგო. ეს კი არის რიგით მეორე დოკუმენტი, რომელიც კიდევ მეტად გაამყარებს ქართველების, საქართველოს, ჩვენი ჯარის, დაზარალებულების, სამოქალაქო პირების სიმართლეს.
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ კოლეგებს, თითოეულ პროკურორს, გამომძიებელს, იუსტიციელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რათა დღეში ათეულობით მოწმე დაკითხულიყო.
ეს გადაწყვეტილებები პირველ რიგში, დაზარალებულებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც დღემდე ამტკიცებს და გააგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე იმის ჩვენებას, რომ აგვისტოს ომში საქართველო იყო მართალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ პირზე დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.