სამტრედიელმა ჩოხოსნებმა 11 მარტს საქველმოქმედო აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ მოსახლეობას. დილიდან დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა მსვლელობა, რომლის დროსაც საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრებმა ეკლესიაში მიიტანეს ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი, მათ შორის, სურსათ- სანოვაგე და პირველადი მოხმარების სამედიცინო ნივთები. სამტრედიის სადროშო დღეისათვის 59 წევრს ითვლის. საქველმოქმედო აქციაში უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა, აქტიურად იყვნენ ჩართულები ნორჩი ჩოხოსნები და მათი მშობლები. საკათედრო ტაძარში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი ამ დღეებში უკრაინაში გადაიგზავნება.
ოკუპანტის მიერ დაზარალებული უკრაინელებისთვის დასახმარებლად საკათედრო ტაძარში ტვირთი მიიტანა გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს” მთავარმა რედაქტორმა. ქეთევან ჭელიძის განმარტებით, ის რაც რუსმა აგრესორმა მეორე მხარეს დამართა, მარტო უკრაინის ომი არ არის, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის განმეორება, რომლის დავიწყება ქართველი ერისათვის შეუძლებელია:
“სიკეთეს აფიშირება არ სჭირდება. ეს ზღვაში წვეთია, რითაც ომში მყოფ უდანაშაულო ადამიანებს უნდა დაეხმარო. თუმცა ვიცით, რომ სიკეთე გადამდებია და ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება საქართველოს საპატრიარქოს ამ ინიციატივას. სოლიდარობა უკრაინელ მოსახლეობას, გამძლეობა და ჭირთა თმენა. სხვა რა შეიძლება, ვუსურვოთ უსამართლო ომში ჩართულ მშვიდობიან უკრაინას.”
[sexy_author_bio]