გასული კვირის ბოლოდან მოყოლებული, დღევანდელი დილაც ოზურგეთში ისე იდაიწყო, რომ ქალაქის მარკეტების და მაღაზიების დახლებზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა და იქაც მალე თავდება) შაქარი ისევ არ ჩანს.
გურიის ქუჩაზე, (ინდმეწარმე „მარინა როყვა“) ერთი კილოგრამი შაქარი 3,50 ლარი ღირდა. ბაზრის მაღაზიების ყველა წარმომადგენელი კი ჩვენთან განმარტავს, რომ შაქარი არ აქვთ. თუმცა არის დაპირება, რომ დღეს, 14 მარტს, დღის განმავლობაში, ბათუმიდან მოხდება დიდი რაოდენობით შემოტანა:
_როგორც გვითხრეს, ბათუმში შაქრის დიდი პარტია შემოიტანეს და ჩვენც ველოდებით. დღეს მივიღებთ, ოღონდ კონკრეტულად რომელ საათზე, ეს არ ვიცით, – ამბობენ მენეჯერები.
კითხვაზე, გაიაფდება თუ დარჩება ძველ ნიშნულზე და კვლავ გაზრდილი ფასით მიაწვდიან შაქარს მომხმარებელს, პასუხი ვერც ამაზე გაგვცეს.
დღეს, 14 მარტს, ერთი კილოგრამი შაქარი 3,05 ლარი ღირს, დიდ სავაჭრო ქსელში „ჩემი სახლი“. აქ გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე, როცა შაქარი გაძვირდა, მათ ფასი არ გაუზრდიათ და ჩვეულებრივად ერთი კილოგრამი 2, 80 ლარად იყიდებოდა. თუმცა ამ დროისთვის სამ ლარზე მეტი ღირს.
მარკეტ „სანდომში“ ერთი კილოგრამი შაქარი სამი ლარი ღირს და ამ დროისთვის, იმ მარკეტების მცირე ჩამონათვალს შორის, სადაც დღის მონაკვეთში შაქრის ყიდვაა შესაძლებელი, აქ შედარებით იაფია.
ყველგან მომატებულია ბურღულეულის ფასი. დიდ მარკეტებში: „ჯიბე“, „მაგნიტი“, „მოდერნი“ და ასევე პატარა მაღაზიებშიც, სულ ცოტა 10 თეთრით არის გაზრდილი წიწიბურას და ბრინჯის ფასი.
_ათი თეთრით ამ ორ დღეში მოიმატა. მანამდეც ხომ გაიზარდა ფასი? შემპარავად გვახრჩობენ. ყოველ კვირაში ხუთი ან ათი თეთრით მატება, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ხელფასი იმატებს ყოვედღე? ან ორ დღეში ერთხელ? ან ხელფასი აქვს უმრავლესობას? რა გვეშველება? ადამიანებს ისე გვიქმნიან საქმეს, როგორმე მოვახერხოთ მხოლოდ შაქრის და პურის ყიდვა. თუ ამას შევძლებთ გაჭირვებით, სხვაზე არაფერზე არ უნდა ვიფიქროთ,. ახლა უნდა ვიმკითხაოთ, ამ შაქრის ფასს ცოტათი მაინც დასწევენ თუ სულს ამოგვხდიან მხოლოდ შაქრის ყიდვაში? პური და ზეთი ხომ უნდა ვიყიდოთ? – ამბობენ ოზურგეთელი მომხმარებლები: ლიანა ჩხაიძე და მარიკა მჟავანაძე.
რიგითი მოქალაქეები ახლა იმაზე დარდობენ, რამდენ ლარად შეძლებენ ერთი კილოგრამი შაქრის ყიდვას.
ყველა ამბობს, რომ თუნდაც სამ ლარად ერთი კილოგრამი შაქრის შეძენა, ძალზე მძიმედ დააწვება მათ ჯიბეს.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე