აშშ-ს სენატმა ერთხმად მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს.
რეზოლუცია რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა წარადგინა. ის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ასევე სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები გამოიძიონ.
დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კენჭისყრის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში მომხდარი სისასტიკისთვის.
“ამ ოთახში ჩვენ, დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმირ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას” – თქვა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
Reuters – ს გამოცემა ხაზს უსვამს, რომ კონგრესმა რეზოლუციას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც დემოკრატებისა და რესპუბლიკელების თითქმის თანაბარი რაოდენობით დაკომპლექტებული კონგრესისთვის, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
ავტორი: მერაბ ცაავა