,,სოლიდარობა პატარებს ” _ ასე დაასათაურა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლემ, ეკატერინე ნიკოლეიშვილმა პორტრეტი, რომელიც მან ამ დღეებში დახატა.
თერთმეტი წლის გოგონას ეს ემოციური ნამუშევარი დღეს მისმა პედაგოგმა, ნანა რუხაძემ ატვირთვა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, რასაც უამრავი მოწონება მოჰყვა.
“როგორც ყველა ზრდასრული ადამიანი, ბავშვები ძალიან მწვავედ განიცდიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს; განსაკუთრებით თანატოლების მდგომარეობას. საომარ მოქმედებებში მყოფი პატარების ნახვა მწვავედ მოქმედებს მათ ფსიქიკაზე და ემოციურ განწყობაზე. ეს ბავშვები, როგორც შეუძლიათ, სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ უკრაინელი თანატოლების მიმართ თანადგომას.
ალბათ, ეს კადრი იყო ყველაზე სულისშემძვრელი თითოეული ადამიანისათვის, მათ შორის, ჩემი მოსწავლისთვის, თუ როგორი ტირილით, ტკივილით, განსაცდელით ტოვებს სამშობლოს უკრაინელი პატარა.
ეკატერინე ნიკოლეიშვილი ხატვის ნიჭით დაჯილდოებული გამორჩეული ბავშვია, მრავალფეროვანია ჟანრობრივადაც. ვფიქრობ, მასზე საშინლად იმოქმედა იმ ვიდეოს ნახვამ, სადაც უკრაინელი ბიჭუნა ტირილით ტოვებს უკრაინა- პოლონეთის საზღვარს.”– ,,გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა გომის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა, ნანა რუხაძემ.
ავტორი” ნინო ნანიტაშვილი