რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.
ლუგანსკის რეგინალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სროლის შედეგად ავტობუსის კარი დაზიანდა.
“პოპასნადან ხალხის ევაკუაცია რუსების ცეცხლის ქვეშაც მოვახერხეთ… ევაკუაციის დროს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს და დააზიანეს მისი კარი. დიდი მადლობა მძღოლს და თანმხლებ პოლიციელებს გამბედაობისთვის“, – დაწერა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ Telegram-ზე.
მისი თქმით, „მწვანე დერეფნის“ პირობებშიც კი, ჰირსკიდან ან პოპასნადან ხალხის გაყვანა უკიდურესად საშიშია. ზოგჯერ საჭიროა რუსული მძიმე დაბომბვის გარღვევა. კიდევ უფრო რთულია, როცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ არის. მაგრამ დღეს ევაკუაციის ავტობუსმა მოახერხა პოპასნამდე მისვლა და ადგილობრივების გადარჩენა, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ბომბისგან დამცავ თავშესაფარში ცხოვრობდნენ.
ხალხი ავტობუსით გადაიყვანეს დონეცკის ოლქის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურამდე, საიდანაც მატარებლით გაემგზავრებიან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში, დაასკვნა ჰაიდაიმ.