22 მარტი ქართველი გმირის ჯამბულათ ხოფერიას დაბადების დღეა.
იგი 1993 წლის 15 აპრილს დაიღუპა აფხაზეთში, ტყვარჩელთან, ლაშკანდერის მწვერვალზე. დაჯილდოებულია გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ჯამბულათი 1968 წლის 22 მარტს დაიბადა ლანჩხუთის რაიონ სოფელ გვიმბალაურში. უცოლშვილო, იყო 24-ე ბრიგადის სადესანტო საშტურმო ჯგუფის მეთაური. სწორედ ამ სამხედრო ოპერაციის დროს იმყოფებოდა ცეცხლის წინა ხაზზე, ლაშკენდერის მთაზე, სადაც მძიმედ დაჭრეს სეპარატისტებმა. მისი იქედან გამოყვანა ძალზე სარისკო ოპერაცია იყო, მაგრამ მაინც მოახერხეს და გამოიყვანეს. ჩამოაღწიეს ოჩამჩირის აეროპორტს , მაგრამ სამწუხაროდ აქ დაიღუპა 25 წლის ვაჟკაცი. მაშინდელი პრესა წერდა:
„ლანჩხუთის საძმოს კიდევ ერთი გმირი გამოაკლდა. აფხაზეთის ბრძოლების მონაწილე იყო პირველი დღეებიდანვე, დაიჭრა კიდეც, ჯანმრთელობა ბოლომდე არ ჰქონდა აღდგენილი, რომ ისევ საომრად წავიდა იმიტომ, რომ იცოდა რისთვის იბრძოდა და საოცრად აღიზიანებდა ხალხის ერთი ნაწილის გულგრილობა ამ ომისადმი. დიდი ბავშვი იყო, როგორც ყველა ძლიერი ვაჟკაცისათვის, მისთვის არ არსებობდა სიტყვისა და საქმის დაცილება, სუფთა იყო და უანგარო. სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. ნამდვილი მებრძოლი სული ქონდა.”