თბილისიდან დასავლეთ საქართველოს ქალაქების მიმართულებით მგზავრობის ფასი გაიზარდა.
“გურია ნიუსს” ავტოსადგურებში განუცხადეს, რომ მგზავრობის ღირებულების ზრდა საწვავის ფასის კატასტროფულმა ზრდამ გამოიწვია.
“მგზავრობის ფასი შეიცვალა. საწვავის ფასი 4 ლარი და 25 თეთრია, შეიცვლებოდა მგზავრობის საფასურიც, აბა რას იზამდა? მოიმატა თბილისი-ქუთაისმა, თბილისი- ბათუმის მგზავრობის ღირებულება 25 ლარი ღირდა და 30 ლარი გახდა”,_ გვითხრეს ავტოსადგურ “ოკრიბაში”.
დიდუბის ავტოსადგურში კი ამბობენ, რომ ახლო მანძილზე მდებარე ქალაქებისკენ მგზავრობის ფასი უცვლელია, ამ დროისთვის ფასის მატება დასავლეთის მიმართულებას შეეხო.
“ძირითადად გაიზარდა დასავლეთის მიმართულებით მგზავრობის ფასი 2-4 ლარით. მოკლე რეისებს რაც შეეხება, მაგალითად, თბილისი-გორს, ფასი უცვლელია”,_ ამბობენ ავტოსადგურში.