ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტების 60% წარუმატებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით, სამი ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსეთის წარუმატებლობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იცვლებოდა და დამოკიდებული იყო გაშვებული რაკეტის ტიპზე და რომ ზოგჯერ ის შეიძლება აღემატებოდეს 50%-ს. ორმა მათგანმა თქვა, რომ მაჩვენებელმა მიაღწია 60%-ს.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის საჰაერო ხომალდის საკრუიზო რაკეტებს ჰქონდათ წარუმატებლობის მაჩვენებელი 20-დან 60%-მდე.
ამასთან, გამოცემა ორ ექსპერტზე დაყრდნობით ამბობს, რომ რაკეტების გაშვების ნებისმიერი წარუმატებლობის მაჩვენებელი 20%-დან ზევით უკვე მაღალია.
Reuters წერს, რომ ეს შესაძლოა იყოს ახსნა, თუ რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა დასახულ მიზნებს შეჭრიდან 1 თვის თავზე, მაგალითად, როგორიცაა უკრაინის საჰაერო ძალების განეიტრალება.
გამოცემის ცნობით, რუსული მაღალი სიზუსტის რაკეტების წარუმატებლობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, რაკეტების გაშვებისას არსებული ხარვეზებია.
თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ს ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, თუ რა განაპირობებს რუსული რაკეტების მარცხის მაღალ მაჩვენებელს.
მიმდინარე კვირაში აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა სახის 1 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით.