,,ომმა ალეპო ნანგრევებად და მასობრივ საფლავებად აქცია. ახლა რუსეთი აგრძელებს მსგავსი სამხედრო დანაშაულის ჩადენას ჩვენს მარიუპოლში“ – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმის მონაწილეებს.
ასევე მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “უსამართლობაა როდესაც პრივილიგებული ხმა, უმრავლესობის ხმას ფარავს”
მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებში თავის გავლენებს იყენებს.
“რუსეთის მიზანია, რომ მსოფლიოში ის ეპოქა დააბრუნოს, როდესაც ადამიანებს მშვიდი ცხოვრება არ შეეძლოთ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და შევეწინააღმდეგებით. თითოეული თქვენგანი იმისთვის იბრძვის, რომ მსოფლიო უფრო სამართლიანი გახდეს, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ 31-ე დღეა, უკრაინამ მასზე 27-ჯერ უფრო დიდი ქვეყნის შემოჭრის დღიდან სამართლიანობას ვერ მიაგნო. რუსეთი ყველაფერს ანადგურებს, ცდილობს, უკრაინა ბოლომდე გატეხოს.
წარმოიდგინეთ, უკრაინაში 1 მილიონი მუსულმანია, მათგან 400 ათასი მტრის მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში ცხოვრობდა. ახლა კი რა ხდება? მარიუპოლის მეჩეთს სამი კვირაა 80-მდე ადამიანი აფარებს თავს, მათი უმეტესობა ბავშვი და ქალია. ყველა გზა ჩაკეტილია, მტერი ჰუმანიტარულ დახმარებასაც კი არ უშვებს. შენობების 90% დანგრეულია, ათასობით ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ეკლესიები და მეჩეთები, სკოლები, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები.
ჩვენ რუსეთის მოქმედებების მაგალითზე ვხედავთ იმას, რამაც 11 წლის წინ ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი, ქალაქი ალეპო გაანადგურა. მაშინ პუტინის ძალებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი და მათმა მოკავშირე ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღით შეუტია ხალხს. ომმა ალეპო ნანგრევებად და მასობრივ საფლავებად აქცია. ახლა რუსეთი აგრძელებს მსგავსი სამხედრო დანაშაულის ჩადენას ჩვენს მარიუპოლში, რომელმაც ძველი ბერძნების, ოსმალების, ყირიმელი თათრებისა და კაზაკების მდიდარი კულტურა გააერთიანა. ფაშისტებმა უკრაინული ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. შეხედეთ ჩვენს მარიუპოლს, ეს ის არის, რაც ჩვენ ალეპოში ვნახეთ. ნანგრევების ტკივილი, ადამიანების განადგურება”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას.