გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა “ითამაშოს თავისი როლი” უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაში, თუ კიევი ამას ითხოვს.
ბრიტანეთის წარმომადგენელმა უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა ლონდონს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი.
მისი თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას და სამხედრო დახმარებას უწევს. უკრაინის დახმარებაზე დახარჯული მთლიანი თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს. ასევე, მან აღნიშნა, რომ ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღიური სატელეფონო საუბრები აქვთ.
“რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ ყველანაირად დავეხმაროთ, დავასრულოთ ეს ომი, უზრუნველვყოთ რუსული ჯარების გაყვანა. ჩვენ სიამოვნებით ვითამაშებთ ამაში ჩვენს როლს, თუ მთავრობა ამას გვთხოვს – დიახ” – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, სტამბულში, რუსეთი-უკრაინის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთის სანქციების მოხსნის პროვოცირებისთვის.