გუშინ ცნობილი გახდა რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსეთი შესაძლოა უვადო დისკვალიფიკაციით დასაჯოს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ FIFA-მ და UEFA-მ რუსეთი ყველა ტურნირიდან მოკვეთეს. რუსეთის ნაკრები დამარცხებულად გამოცხადდა პოლონეთის წინააღმდეგ გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშეც დარჩა.
31 მარტს, ყატარში, FIFA-ს მორიგი კონგრესი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის საკითხი იქნება. კონგრესზე განიხილება რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის და მასში შემავალი კლუბების ყველა საერთაშორისო ტურნირიდან ორი წლით მოკვეთის შესაძლებლობა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვა კენჭისყრის შედეგად შეუძლია. გამოკითხვაში მონაწილეობას FIFA-ში შემავალი 208 ქვეყანა მიიღებს, ინიციატივის დასამტკიცებლად კი 156 დელეგატის ხმა იქნება საჭირო.
რუსეთში ვარაუდობენ, თუ FIFA ორგანიზაციიდან გარიცხავს, მათი ქვეყანა აზიის კონფედერაციაში გადაინაცვლებს, თუმცა აქაც არსებობს ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი: ორგანიზაციიდან გარიცხულ ქვეყანას რომელიმე სხვა კონტინენტის საფეხბურთო გაერთიანებაში გაწევრიანება მხოლოდ FIFA-ს სასჯელის დასრულების შემდეგ შეუძლია.
გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსულმა „Sport-express“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
რუსული გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი იკვლევს ვარიანტებს, რომელთა მიხედვითაც, ხვიჩას ზაფხულამდე გაიფორმებენ. „Sport-express“-ის მტკიცებით, კვარაცხელია „რუბინში“ არ დაბრუნდება და ბათუმის „დინამოდან“ იტალიურ „ნაპოლის“ შეუერთდება.
ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შემდეგ რუსეთი ჯიმი ტაბიძემაც დატოვა. საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „უფას” დატოვებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
„დამშვიდობების დრო მოვიდა. ეს 5 წელი, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე, ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. ყოველთვის ვცდილობდი, რომ 100 პროცენტით დავხარჯულიყავი, რათა გუნდს წარმატებისთვის მიეღწია. მინდა, ფეხბურთელებს, კლუბის პერსონალსა და გულშემატკივრებს, რომლებისგანაც მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მომენატრებით და გიქომაგებთ.“
რუსული საფეხბურთო კლუბი „ურალის“ პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა გუნდიდან წასული ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. მისი მტკიცებით, მოთამაშეებმა კლუბის დატოვება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
„დიახ, მათ FIFA-ს ნებართვით ისარგებლეს, მაგრამ როგორც მათზე, ასევე ფეხბურთელების ოჯახის წევრებზე ზეწოლა იყო, რომ მათ რუსეთი უნდა დაეტოვებინათ. ეს სწორია?“
უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და ამჟამად „ზენიტის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, ანატოლი ტიმოშჩუკს ლუცკის საპატიო მოქალაქის წოდება ჩამოერთვა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუცკის საკრებულოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
„ლუცკის საკრებულოს 35-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ანატოლი ტიმოშჩუკისთვის, ქალაქ ლუცკის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევას.
ამ მძიმე დროს, როდესაც უკრაინა რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ანატოლი ტიმოშჩუკს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია და ამასთან, აგრესორი ქვეყნის საფეხბურთო გუნდთანაც არ შეუწყვეტია თანამშრომლობა. ამ საქციელით, ის ოკუპანტებისთვის მუშაობას აგრძელებს, ქალაქ ლუცკის საპატიო მოქალაქის წოდებას კი დისკრედიტაციას უწევს.“ – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
ანატოლი ტიმოშჩუკი ამჟამად სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარი მწვრთნელის, სერგეი სიმაკის ასისტენტია. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ტიმოშჩუკს საჯარო განცხადება არ გაუვრცელებია, რის გამოც მას ქვეყანაში ყველა ტიტული და ჯილდო ჩამოერთვა.