ფრანგმა მსახიობმა, ჟერარ დეპარდიემ ფრანგულ გამოცემა lefigaro – თან მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინის შეშლილი და მიუღებელი გადახრა დაგმო.
მან განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისში დაგეგმილი მისი სამი კონცერტის მთლიანი შემოსავალი ომით დაზარალებულ უკრაინელებს გადაეცემათ.
„რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინის მსგავსი ლიდერების შეშლილ და მიუღებელ გადახრებზე“ – აღნიშნა ფრანგმა მსახიობმა.
ჟერარ დეპარდიემ აღნიშნა, რომ ის ძმათამკვლელი ომის წინააღმდეგია.
„გააჩერეთ იარაღი და აწარმოეთ მოლაპარაკება. ჩემი სამი კონცერტიდან მთლიანი შემოსავალი გადაეცემა ამ ტრაგიკული ძმათამკვლელი ომით დაზარალებულ უკრაინელებს“, – თქვა დეპარდიემ lefigaro -თან.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დეპარდიემ ომი დაგმო.
“რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები”. – თქვა მსახიობმა.
ცნობისთვის, დეპარდიე 2013 წელს რუსეთში საცხოვრებლად გადავიდა და მალევე მოქალაქეობაც მიიღო. მსახიობი საფრანგეთის საგადასახადო სისტემას გამოექცა. სხვადასხვა დროს, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პუტინის მეგობარია. ასევე, რუსეთს დიდებული დემოკრატიის ქვეყანა უწოდა, ხოლო მისი მმართველი რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს შეადარა.