გუშინ ცნობილი გახდა რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულება ოფიციალურად გააუქმა. ხვიჩამ ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ოღონდ თუ რომელიმე ცნობილი უცხოური გუნდის სახით სერიოზული მთხოვნელი გამოუჩნდება, აჭარული გუნდი მის კარიერას ხელს არ შეუშლის.
რუსეთში ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოში დაბრუნება მტკივნეულად გადაიტანეს. იქაურ სპორტულ სოციალურ ქსელებში ქართველს არაერთი „გზავნილი“ მიუძღვნეს:
„უფასოდ მოვიდა და უფასოდ წავიდა!“
„ყველაზე დიდი აქტივი უბრალოდ მადლობის ფასად წავიდა. უმადური ხვიჩა, მას გამართლება არ აქვს.“
„თამაშობდა და ამისათვის ხელფასს იღებდა, რატომ უნდა იყოს მადლიერი. კლუბის აღზრდილი არაა, რუსულად თითქმის ვერ ლაპარაკობს.“
„ლამაზად არ გამოუვიდა ხვიჩას.“
„მოედანზე მისი მრუდი მოძრაობები თქვენ არაფერს გეუბნებოდათ?“
„რუბინში“ რა, გიჟები არიან? ორი წლის შემდეგ უმთავრდებოდა კონტრაქტი და რატომ წავიდნენ გაწყვეტაზე, მაშინ, როდესაც ზაფხულში გაყიდვა შეეძლოთ?“
„დიდი ხანია ბათუმის „დინამოს“ „ნაპოლი“ ჰქვია?“
„სიმულანტი და „პაკაზუხაა“.“
„რუბინი“ გადააგდო, ამის მერე ასეთ ტიპთან ვინ ისურვებს საქმის დაჭერას?“
„ბოლოს და ბოლოს ევროპულ კლუბში ხვიჩას გადასვლის ოცნება აუხდა.“
„იქ ქართველ მესიდ კი არა, ხვიჩა ბატუმჩიკად მონათლავენ.“
„იქ დიდხანს არ გაჩერდება, აჭარისა და ბათუმის შესახებ მთელი მსოფლიო გაიგებს.“
„იმედია, რუსეთში შემოსვლას აუკრძლავენ.“
„შეეძლოთ 12 მილიონად თავისუფლად გაეყიდათ. არა, 20 მილიონი მოითხოვეს, ისინი ხომ ყველაზე ეშმაკები არიან.“
„აი, მესმის გადაგდება.“
გუშინ ევროპის ძიუდოს კავშირის ვებ-გვერდზე 34 წლის უკრაინელ ძიუდოისტ გიორგი ზანთარაიას კომენტარი გამოქვეყნდა, რომლის მეუღლე და შვილები პოლონეთში გადავიდნენ, თავად სპორტსმენი კი კიევში, ბუნკერში ცხოვრობს:
„დაახლოებით ერთი თვის წინ ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა. უფროსები სამსახურებში დადიოდნენ, ბავშვები – სკოლაში ან პარკებში თამაშობდნენ, ძიუდოისტები დარბაზებში ვარჯიშობდნენ. ახლა ისე აღარ არის. უკრაინას, როგორც არასდროს, ისე სჭირდებით. არსად წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. ყველა შეიარაღებულია. ვიცავთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას. არაფერი გვინდა, მშვიდობის გარდა. ეს ჩვენი სახლია და უმეტესობას წასასვლელი არსად გვაქვს. მსურს მთელ სპორტულ საზოგადოებას მოვუწოდო, გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა!“
ორი დღის წინ „Матч ТВ“-ის წამყვანმა ანტონ ანისიმოვმა პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობა უსურვა, თავად მოთამაშეები კი „საზიზღარ ქმნილებებად“ მოიხსენია.
გუშინ რუსი „ჟურნალისტის“ გამონათქვამებზე რეაგირება პოლონეთის ნაკრების პრესატაშემ, იაკუბ კვიატკოვსკიმ მოახდინა. „არ მინდა იმ ხალხის გამონათქვამზე გავაკეთო კომენტარი, რომლებსაც ფსიქიკასთან პრობლემა აქვთ.“
უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეკსანდრ პეტრაკოვი კი მომავალში რუსეთის ნაკრებთან თამაშის კატეგორიული წინააღმდეგია.
„არ მინდა, ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდეს და მათთან ოდესმე ვითამაშოთ. არ მინდა, ამ ადამიანებს ხელი ჩამოვართვა. დიდი კედელი უნდა ავაშენოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი ჩვენგან შორს იყვნენ. ამ ადამიანებს არც მორალი აქვთ და არც პრინციპები. რუსები ჩვენი ძმები არ არიან – რუსეთი ბუნებრივი ურდოა! ეს არ არის ბრაზი, ეს არის სიძულვილი იმ ერის მიმართ, ვინც ჩვენს სახლში რაკეტებით და ტყვიამფრქვევებით შემოვიდა. ისინი წლების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს ანგრევენ“, – განაცხადა პეტრაკოვმა გამოცემა „The Guardian“- თან ინტერვიუში.