გუშინ ცნობილი გახდა რომ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა უილ სმიტმა ჰოლივუდის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია დატოვა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის ინციდენტი გახდა რომელიც წინა კვირას მსახიობის მონაწილეობით, „ოსკარების“ საზეიმო ცერემონიალზე დაფიქსირდა. მაშინ, ღონისძიების წამყვანმა კრის როკმა უილ სმიტის მეუღლის, ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა. პასუხად კი ჯეიდას ქმარმა კრის როკს სახეში გაარტყა.
„კინოაკადემიის ნდობას ვუღალატე და ჩემი საქციელის გამო ნებისმიერი შედეგისთვის მზად ვარ. ჩემი ქმედება ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოებაზე შოკისმომგვრელი, მტკივნეული და უპატიებელი იყო. იმ ადამიანების სია, რომლებსაც ამ ქმედებით ზიანი მივაყენე, საკმაოდ გრძელია. კრისის, მისი ოჯახის, ჩემი ძვირფასი მეგობრების, საყვარელი ადამიანებისა და დაჯილდოების მაყურებლის მიმართ დანაშაული ჩავიდინე“, – განაცხადა გუშინ უილ სმიტმა.
უილ სმიტმა ასევე ბოდიში მოუხადა „ოსკარის“ ცერემონიალის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, რადგან მისი აზრით, ამ ადამიანებს თავიანთი წარმატების აღნიშვნაში ხელი შეუშალა და აღნიშნა, რომ გული ძალიან წყდება.
უილ სმიტმა კრის როკს ბოდიში უკვე მოუხადა, ხოლო კრის როკმა უილ სმიტის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა.