ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ომს უკრაინაში გენოციდი უწოდა. ამ თემაზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპი აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებდა იმ პოლიტიკისთვის, რამაც, ტრამპისვე თქმით, რეკორდული ინფლაცია გამოიწვია და შემდგომ დასძინა – “ახლა ამას დაუმატეთ ის, რაც ხდება უკრაინაში. ეს არის გენოციდი”.
გუშინ, 13 აპრილს, ჯო ბაიდენმა, გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა.
ბაიდენის თქმით, ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, “ჩაიდენს თუ არა გენოციდს” დიქტატორი სხვა ქვეყანაში.
“თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის შევსება, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომის დაწყებას და სხვა ქვეყანაში ჩაიდენს თუ არა გენოციდს. პუტინის მიერ გაზსა და ნავთობზე ფასის გაძვირების საპასუხოდ, მე გავეცი განკარგულება, რომ დღეში მილიონი ბარელი ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან მოვიხმაროთ”, – ამბობს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა, რომელსაც პუტინთან ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდა, მანამდე რუსეთის შეჭრას “ჰოლოკოსტი” უწოდა.
ავტორი